The Times: ტრამპი შეიარაღებული ძალებიდან ტრანსგენდერების გაძევებას აპირებს
აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აპირებს გამოსცეს ბრძანებულება, რომელიც მას შესაძლებლობას მისცემს ამერიკის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში მყოფი ტრანსგენდერი სამხედროები დაითხოვოს. ინფორმაციას The Times-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
დღესდღეობით ამერიკულ ჯარში დაახლოებით 15 ათასი ტრანსგენდერი მსახურობს. როგორც გამოცემა იუწყება, ისინი სამედიცინო ჩვენების საფუძველზე გათავისუფლდებიან.
The Times-ის მტკიცებით, ტრამპის ახალი ბრძანებულება მის მიერ 2018 წელს გამოცემულ ბრძანებაზე მკაცრი იქნება. 2018 წელს ტრამპმა სპეციალური დოკუმენტი გამოსცა, რომელიც ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს ტრანსგენდერი სამხედროების აყვანას უკრძალავდა, თუმცა ისინი, ვინც უკვე მსახურობდნენ, ჯარიდან არ თავისუფლდებოდნენ.
„ეს ხალხი იძულებული იქნება წავიდეს იმ დროს, როცა ჯარი ხალხის საკმარის რაოდენობას ვერ კრებს. საკუთარ გეგმას მხოლოდ საზღვაო ქვეითების კორპუსი ასრულებს. ზოგი ადამიანი, რომელსაც ეს გადაწყვეტილება შეეხება, ძალიან მაღალ თანამდებობებს იკავებს“, - ციტირებს გამოცემა ერთ-ერთ ადამიანს.
ტრანსგენდერებმა ამერიკულ ჯარში მსახურების უფლება 2016 წლის 30 ივნისს მიიღეს. ეს გადაწყვეტილება ამერიკის იმჟამინდელმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მიიღო.