ევროპარლამენტის „მემარცხენეების“ ჯგუფმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაარეგისტრირა, რომელშიც მხარეებს 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგების აღიარებისკენ მოუწოდებს
ევროპარლამენტში მემარცხენეების ჯგუფმა საქართველოს შესახებ რეზოლუციის პროექტი დაარეგისტრირა, რომლის ტექსტშიც ნათქვამია, რომ ყველა მხარემ 26 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგები უნდა მიიღოს.
„ვითვალისწინებთ 2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს. მოვუწოდებთ ყველა მხარეს პატივი სცეს შედეგებს, იმუშაოს კონსტრუქციულად, დაიცვას კანონის უზენაესობა და საქართველოს საზოგადოებაში მზარდი პოლარიზაციის პრობლემა მოაგვაროს“, - ნათქვამია რეზოლუციის პროექტში.
რეზოლუცია, რომლის სახელია „საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ და შესაძლო გაყალბების გამო დემოკრატიული კრიზის გაღრმავების შესახებ“, აგრეთვე მოუწოდებს ევროკავშირს დაამყაროს საქართველოს მთავრობასთან მიზანზე ორიენტირებული დიალოგი.
დოკუმენტის პროექტში აგრეთვე გათვალისწინებულია ეუთო/ოდირის წინასწარი დასკვნა არჩევნების შესახებ, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოში სამართლებრივი ბაზა ადეკვატურ საფუძველს ქმნის დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად. არჩევნებში 18 პარტია მონაწილეობდა. მონაწილეებს ჰქონდათ შესაძლებლობა თავისუფლად ეწარმოებინათ წინასაარჩევნო აგიტაცია, ხოლო თავად არჩევნები კარგად იყო ორგანიზებული.
რეზოლუციის პროექტში აგრეთვე აღნიშნულია, რომ ეუთო/ოდირი მწუხარებას გამოთქვამს იმის გამო, რომ არჩევნები პოლარიზებულ გარემოში, უთანასწორო პირობებში ჩატარდა. არსებობდა ინფორმაცია ამომრჩევლებზე საარჩევნო უბნებზე ზეწოლის შესახებ, რის გამოც პოტენციურად, შესაძლოა, დარღვეული იყოს კენჭისყრის ფარულობა.
ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს ახალ მთავრობას გაითვალისწინოს ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციები.
რეზოლუციის პროექტში გაკრიტიკებულია საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“.
„მემარცხენეების“ ჯგუფი აგრეთვე მიიჩნევს, რომ კანონი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ საქართველოში კრძალავს სქესის შეცვლას, ბავშვების შვილად აყვანას იდენტური სქესის ადამიანების მიერ, რაც ხელისუფლებას, შესაძლოა, აძლევდეს პრაიდების აკრძალვის სამართლებრივ საფუძველს.